English / ქართული / русский /
ვლადიმერ სულაბერიძე
დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუცია საქართველოში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუცია 120 წლის (1897-2015) მანძილზე. გაანალიზებულია მოსახლეობის ყველა აღწერის წლების მიხედვით მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის გამსხვილებული ჯგუფები (15 წლამდე,15-64წლის,65. და მეტი ასაკის), რომელიც აშკარად აჩვენებს მისი ევოლუციის დემოგრაფიულ შედეგებს და რაც ერთი მხრივ, რეგრესული ტიპის სტრუქტურის ფორმირებაში, ხოლო მეორე მხრივ, დემოგრაფიული ვითარების გაუარესებასა და მოსალოდნელ დეპოპულაციაში გამოიხატება.

საკვანო სიტყვები: დემოგრაფიული სტრუქტურა, რეგრესული ტიპი, დეპოპულაცია, მიგრაცია, ასაკობრივი ჯგუფები.

 შესავალი

ქვეყნის დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებით როლს თამაშობს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა. მისი ევოლუცია, ერთი მხრივ, ბევრადაა დამოკიდებული ქვეყანაში დემოგრაფიულ პროცესთა (შობადობა, მოკვდაობა, მიგრაცია) განვითარებაზე, მეორე მხრივ, მისი ევოლუცია, თავის მხრივ, დემოგრაფიულ ფაქტორებთან (ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ქორწინება და სხვა) ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის არა მხოლოდ დემოგრაფიულ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

 ***

ჩვეულებრივ, მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის ევოლუციას განსაზღვრავენ მრავალი თაობის და წლის განმავლობაში (100 წელი და მეტი) [სულაბერიძე ა., 2007]. დიაგრამა 1-დან ჩანს, რომ საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურა თითქმის 120 წლის (4,5 თაობა) მანძილზე (1897-2015) მნიშვნელოვნად შეიცვალა და იგი რეგრესულ ტიპად ჩამოყალიბდა, სადაც მცირდება 15 წლამდე და იზრდება 60-65 წელს გადაცილებული მოსახლეობა.

დიაგრამა 1. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი პირამიდები 1897, 1959 და 2015 წლებში საქსტატის მონაცემებით

 

 

 მოყვანილი დიაგრამები გვიჩვენებს 120 წლის მანძილზე საქართველოში განვითარებული დემოგრაფიული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების საბოლოო დემოგრაფიულ შედეგს. მაგალითად, 1897-1959 წლების მოსახლეობის სტრუქტურის ფორმირება, გარდა პირველი და მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდებისა, რამაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობა შეიწირა, მიმდინარეობდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში. 1959-1989 წწ. დემოგრაფიული სტრუქტურის ფორმირება წინა პერიოდთან შედარებით, მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. 1990 წლიდან ქვეყანაში შეცვლილმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ თავისი დაღი დაამჩნია როგორც დემოგრაფიულ განვითარებას, ასევე შესაბამისად მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურას. 1989, 2002 და 2015 წლების მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის ფორმირებაში, განსხვავებით წინა პერიოდებისა, შობადობის შემცირებასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ქვეყნის გარეთ ემიგრაციამ ითამაშა. ქვეყნიდან ძირითადად წავიდა ფერტილური და სამუშაო ასაკის მოსახლეობა, რამაც მოსახლეობის დაბერების დონე გაზარდა (რაც აშკარადაა ასახული მოყვანილ პირამიდაზე) და რამაც თავის მხრივ გაზარდა დემოგრაფიული დატვირთვა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ბოლო ორი თაობის მანძილზე, რაც აისახა 1959-2015 წლების მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურაში. 1959 წლის მოსახლეობის დემოგრაფიული პირამიდის „ფართო“ ფუძე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებული „ბეიბი-ბუმის“, ხოლო 2015 წლის პირამიდის „ვიწრო“ ფუძე კი 1990-იან წლების პერიოდში შობადობის მკვეთრი შემცირების შედეგია. 1959 და 2015 წლების პირამიდების შუა წელის განსხვავებული სიდიდეები, კერძოდ, 15-19 წლიანი ასკობრივი ფგუფები მიგვანიშნებს თითოეული სტრუქტურის ფორმირებამდე 10-20 წლით წინანდელ პერიოდებში არსებულ შობადობის დაბალ დონეზე. ასევე, 10-დან-20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით 20-დან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები უფრო ფართოა, რაც ადასტურებს თითოეული სტრუქტურის ფორმირებამდე 20-35 წლის წინანდელ (1959 წლის პირამიდის შემთხვევაში 1924-1939 წწ. ხოლო 2015 წლის პირამიდის შემთხვევაში 1980-1992 წწ.) შობადობის მაღალ დონეს.

თითოეული პირამიდის 30-65 წლის ასკობრივი ჯგუფები გვიჩვენებს მიგრაციის ინტენსივობის დონეს მათში ამ ასაკობრივი ჯგუფების ფორმირებამდე 30-65 წლით ადრე, ანუ 1959 წ. პირამიდაში ამ ასაკობრივი ჯგუფების ფორმირება ძირითადად განაპირობა 1920-1939 წწ. პერიოდში საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა პროცესებმა. სწორედ ამ პერიოდში კოლექტივიზაციას და ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან საქართველოში შემოყვანილ იქნა დიდი რაოდენობით სამუშაო ძალა. როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვ. ჯაოშვილი წერს: „სწორედ ამით აიხსნება 1927-1937 წწ. მოსახლეობის ყველაზე მაღალი საშუალოწლიური ზრდის პროცენტი (2,37 %). არასოდეს საქართველოს არც მანამდე, არც მის შემდგომ პერიოდში (მით უფრო 1989 წლის შემდეგ – ვ. სულაბერიძე) არ ახსოვს თავისი მოსახლეობის არსებითი ზრდა“ [ჯაოშვილი ვ., 1968].

მაღალ ემიგრაციულ პროცესებთან ერთად, ამ პერიოდში მოსახლეობის ზრდის მაღალ ტემპს, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაღალმა დონემ, რის შედეგადაც მოსახლეობის ახალგაზრდული, პროგრესული სტრუქტურა ჩამოყალიბდა. 1959 წლის დემოგრაფიული სტრუქტურა უკეთესი იქნებოდა, რომ არა მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა. ეს აისახა კიდეც 1959 წლის დემოგრაფიული სტრუქტურის 35-50 წლიანი მამაკაცების  ასაკობრივი ჯგუფების შემცირებაში, რომელიც ამავე ასაკის ქალთა ჯგუფებთან შედარებით აშკარად უფრო „ვიწროა“.

2015 წლის მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურასთან შედარებით ბევრად „ვიწროა“ 1959 წლის დემოგრაფიული პირამიდის „წვერი“, განსაკუთრებით მამაკაცების, რაც მიუთითებს ამ პერიოში ქალებთან შედარებით მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი მოკვდაობის მაღალ დონეზე.

1959 წლის შემდგომ 55 წლიან პერიოდში განვითარებულმა, ერთმანეთისგან აშკარა კონტრასტულმა პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა პროცესებმა არსებითი გავლენა იქონია 2002 და განსაკუთრებით 2015 წლების დემოგრაფიულ სტრუქტურაზე. ამ პერიოდის მოსახლეობის ორმა თაობამ (თაობა 27 წელი) განსხვავებული „წვლილი“ შეიტანა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაში. 1959-1992 წლების პერიოდში, 1990-იანი წლების შემდგომ პერიოდთან შედარებით, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ დემოგრაფიულ სიტუაციასთან ერთად ასევე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი „პოლიტიკური მშვიდობა“ და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავდა. მოსახლეობის ბუნებრივი მატება აღემატებოდა მიგრაციის უარყოფით სალდოს, რაც განაპირობებდა მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ამასთან, ამავე პერიოდში არსებული მოსახლეობის აღწარმოების მესამე ფაზისთვის დამახსიათებელი შობადობის სწრაფი შემცირება და მოკვდაობის ნელი ზრდის ტემპები, მაინც უზრუნველყოფდა მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუციას მეტ-ნაკლებად სტაბილური ხასიათი ჰქონდა და გაეროს სკალის თანახმად, სტაციონალურ ტიპად რჩებოდა.

1992 წლიდან ქვეყანაში განვითარებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა (ტერიტორიული მთლიანების დარღვევა, სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ.) და სოციალურ-ეკონომიკურმა (სიღარიბის და უმუშევრობის მაღალი დონე, საბიუჯეტო კრიზისი და ა.შ.) მოვლენებმა დემოგრაფიული პროცესებიც „ჩაითრია“ და დემოგრაფიული ვითარება ერთბაშად გაუარესდა. ამას დაემატა მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვედან უახლეს ტიპზე გარდამავალი პერიოდი და მეორე დემოგრაფიული გადასვლისთვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევის ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება [სულაბერიძე ვ., 2004]. ყოველივე აღნიშნულმა 1995-2007 წწ. მოსახლეობის ბუნებრივი მატება ნულოვან დონეზე დაიყვანა, ხოლო მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი 1990 წლიდან 1-ს (2005-2007 წწ. – 0,6) ჩამოსცილდა და ფარული დეპოპულაციის დასაწყისი დააფიქსირა.

ამავე პერიოდში, მოსახლეობის აღწარმოების ბრუტოკოეფიციენტის თანახმად, 2025-2030 წლების მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურაში 35%-ით ნაკლები გოგონა შევა დედის ასაკში.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ბუნებრივი მატების ნულოვან დონეს ისეთი გავლენა არ მოუხდენია დემოგრაფიულ სტრუქტურაზე, რაც გამოიწვია მოსახლეობის ემიგრაციის მაღალმა დონემ. 1992-2015 წწ. ქვეყანა დატოვა 1700 ათასამდე კაცმა [წულაძე გ., სულაბერიძე ა., 2016]. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1959 და 1989 წლების დემოგრაფიულ სტრუქტურებთან შედარებით ერთობ გაუარესდა 2002 და 2015 წლების დემოგრაფიული სტრუქტურები. საქმე ისაა, რომ 1959-1990 წწ. საქართველოსთვის, მართალია დამახასიათებელი იყო უარყოფითი ემიგრაციული სალდო, რომელმაც ამ პერიოდში 200 ათასი კაცი შეადგინა, მაგრამ ბუნებრივი მატების საშუალო დონის პირობებში მან მკვეთრი გავლენა ვერ მოახდინა 1979 და 1989 წლების დემოგრაფიული სტრუქტურების გაუარესებაზე.

როგორც დიაგრამა 1-დან ჩანს, 1959 წელთან შედარებით, 2015 წლის დემოგრაფიულ სტრუქტურაში გაზრდილია 50 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფების მაჩვენებელი, რის შედეგადაც მან დეფორმირებული სახე მიიღო. მართალია, მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის მნიშვნელოვანი დეფორმაცია ძირითადად 2002 წლიდან აღინიშნება, მაგრამ 2015 წლის სტრუქტურა მასთან შედარებით კიდევ უფრო დაბერებული და რეგრესული ტიპისაა.

მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის რეგრესულ ტიპს, უწინარესად, ახალგაზრდობის დაბალი წილი და დაბერებულთა მაღალი დონე განაპირობებს. გაეროს სტანდარტით, დემოგრაფიული სტრუქტურა დაბერებულია, თუ მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წელს გადაცილებული წილი 7%-ს აღემატება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მაღალია და 2016 წელს 14,2% შეადგინა.

საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურის დეფორმაციაში არა მხოლოდ ასაკობრივი სტრუქტურა თამაშობს გარკვეულ როლს, არამედ მოსახლეობის სქესობრივი თანაფარდობაც. 2016 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში
52,3% ქალია, ხოლო 47,7% მამაკაცი. ამასთან, უმნიშვნელო სქესობრივი დისპროპორცია მამაკაცების სასარგებლოდ აღინიშნება 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, ხოლო 30 წლის ზემო ჯგუფებში ქალთა მეტობა მამაკაცებზე საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით 60 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც ქალთა რაოდენოდა მამაკაცებს თითქმის 1,5-ჯერ აღემატება. 30 წლის ზემო ასაკებში ვაჟთა ნაკლებობას ქალებთან შედარებით, ძირითადად განაპირობებს ვაჟთა ემიგრაციული პროცესები და 50 წლის ასაკის ზემოთ მოკვდაობის მაღალი დონე. ამასთან, ნიშანდობლივია ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის 7-8 წლიანი სხვაობა, რაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაშია და არსებით გავლენას ახდენს 50 წლის ზემო ასაკებში ვაჟთა მოკვდაობებზე. განსაკუთრებით საგანგაშოა 70 წლის ზემო ასაკობრივი ჯგუფები, სადაც ქალთა მეტობა მამაკაცებზე 2-ჯერ მაღალია.

მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის შეფასებისას ხშირად იყენებენ 15 წლამდე, 15-64 და 65 წლის და უფროსი ასაკის გამსხვილებულ ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების ანალიზს, რომლებიც შედარებით ზუსტად ასახავს იმ პერიოდის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენას მოსახლეობის დემოგრაფიულ განვითარებასა და სტრუქტურის ფორმირებაზე.

 ცხრილი 1

საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურა ძირითადი (გამსხვილებული) ასაკობრივი

ჯგუფების მიხედვით 1897-2016 წწ., % [Tsuladze G. 2016]

 

1897

1959

1970

1979

1989

2002

2015

2030*

15 წლამდე

40,5

29,3

30,5

26,0

24,8

21,0

19,1

14,3

16-64 წწ.

55,5

63,0

61,2

64,7

66,3

66,2

66,5

63,8

65 და უფროსი ასაკის

4,0

7,7

6,3

9,3

8,9

12,8

14,4

21,9

მოსახლეობა სულ

100,0

100,0

100,0

100,0

100,0

100,0

100,0

100,0

*წულაძე გ. 2013. საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები: 2015-2300 წლები.

ცხრილი 1 ნათლად ასახავს საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუციას გამსხვილებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 1897-2016 წლებში ცალკეული პერიოდების მიხედვით. უწინარესად თვალშისაცემია, 120 წლის მანძილზე შობადობის შემცირების შედეგად, მთელ მოსახლეობაში, 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილის 40,5%-დან 19,1%-მდე შემცირების ფონზე, 65 წლის და უფროსი ასაკის წილის 10,4%-ით ზრდა. რაც შეეხება 1959-2016 წლებში მოსახლეობის ორი თაობის ასაკობრივ ცვლილებებს, აქაც იგივე სიტუაციაა, 10,2%-ით მცირდება 15 წლამდე ასაკის და თითქმის 7%-ით იზრდება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა. როგორც ვხედავთ, დემოგრაფიული დაბერების ინტენსივობა ძირითადად 1959 წლიდან იწყება.

1959-2002 წლებში მ. შელიას გაანგარიშებით, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ზრდის შედეგად საქართველოს მოსახლეობა 6 წლით დაბერდა [შელია მ., 2014], ხოლო
ა. სულაბერიძის მიერ, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე გაანგარიშებით, 1959-2014 წლებში 6,7 წლით დაბერდა [სულაბერიძე ა., 2016]. რაც შეეხება შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფებს, მათი წილი 60%-ის ფარგლებში მეტ-ნაკლებად სტაბილურია. დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით, შობადობის დონის ზრდისთვის 1959-2015 წლებში ყველაზე ხელსაყრელი დემოგრაფიული სტრუქტურა 1970 წელს იყო. როდესაც 15 წლამდე ასაკის მოსახლეობამ 30,5% შეადგინა. მისგან განსხვავებით, 2015 წლის დემოგრაფიული სტრუქტურის ანალოგიური მაჩვენებელი შობადობის შემცირების ტენდენციაზე მიგვანიშნებს.

გაეროს მონაცემებით, ასევე არასახარბიელო დემოგრაფიული სტრუქტურაა მოსალოდნელი უახლოეს პერსპექტივაში. როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2030 წლისთვის 14,3%-მდე შემცირდება 15 წლამდე ასაკის და 21,9%-მდე გაიზრდება 65 წელს გადაცილებულთა წილი  სავარაუდო მოსახლეობაში. ასევე შემცირდება და 1959 წლის დონეზე (63,8%) იქნება შრომისუნარიანი მოსახლეობის წილიც [წულაძე გ., 2013].

 დასკვნა

განხილულიდან გამომდინარე, საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუცია 120 წლის მანძილზე ნეგატიურ ფონზე განვითარდა. იგი სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა რაოდენობით მცირდებოდა, რასაც ერთი მხრივ, დემოგრაფიული (შობადობა, მოკვდაობა, მიგრაცია), მეორე მხრივ, არადემოგრაფიული ფაქტორები განსაზღვრავდა. 1989 წლისთვის დემოგრაფიული სტრუქტურის სტაციონალური ტიპი რეგრესულით შეიცვალა, ხოლო 2015 წლისთვის კიდე უფრო გაუარესდა და ქვეყნის პოლიტიკური, დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით არასასურველ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ უახლოეს პერსპექტივაში, 2030 წლისთვის მოსალოდნელია დეპოპულაცია, ხოლო დაბერების მაღალი ინტენსივობის გამო გაიზრდება დემოგრაფიული დატვირთვა და იგი სოციალურ-ეკონომიკურად დაძაბული იქნება.

ამდენად, 1959 წლის მომდევნო წლებში დაბადებულმა ორმა თაობამ თავისი „დემოგრაფიული მისია“ ვერ შეასრულა და ქვეყანა დეპოპულაციამდე მიიყვანა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქსტატი. მოსახლეობის აღწერის მასალები 1897-2014 წწ.
  2. სულაბერიძე ა. 1986. საქართველოს მთიანეთის დემოგრაფიული პრობლემები. თბილისი. „მეცნიერება“.
  3. სულაბერიძე ა., გომელაური ნ. 2016. დემოგრაფიული დაბერება და მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში. ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები. თსუ.
  4. სულაბერიძე ვ. 2004. დეპოპულაცია და საქართველოდ დემოგრაფიული უსაფრთხოება. საკანდიდატო დისერტაცია.
  5. შელია მ. 2013. ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოში. თბილისი. „უნივერსალი“.
  6. ჯაოშვილი ვ. 1968. საქართველოს მოსახლეობა (რუსულ ენაზე). თბილისი. „მეცნიერება“.
  7. წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2016. საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები. თბილისი.
  8. წულაძე გ. 2013. საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები: 2015-2300 წლები. თბილისი.
  9. Tsuladze G, 2016. Demographic yearbook of Georgia 2015. Tbilisi. “Vesta”.